პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს 2023 წლის მთავრობის მუშაობის ანგარიშის წარდგენის დროსაც არ გამორჩენია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქება. ღონისძიებაზე ოპოზიცია არ მიიწვიეს, მედიის წარმომადგენლები ცალკე ოთახში არიან და როგორც ცნობილია ის ჟურნალისტებს კითხვებს არ უპასუხებს.
ღარიბაშვილს ჰქონდა ტრადიციული აქცენტები, მან ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და თქვა, რომ არავინ იცის როგორ დასრულდება ის. მან ასევე გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და ისევ წინა ხელისუფლების ბრალეულობაზე გააკეთა აქცენტი. ღარიბაშვილმა გაიმეორა, რომ იმ დროს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა.
“დღემდე გრძელდება დამანგრეველი ომი უკრაინაში, არავინ არ იცის ზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ჩვენ რეგიონზე, გამოწვევა სახეზეა, ჩვენ ეს გამოვიარეთ 2008 წელს, აგვისტო ომი იყო რა თქმა, უნდა ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება”, – თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა ისევ გაიმეორა, რომ იყო ქვეყნის “დესტაბილიზაციის რეალური” საფრთხე, ის ამტკიცებს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური, მტრული ძალები დაინტერესებულები იყვნენ საქართველო “ომში ჩაბმულიყო”.
შეჯამების დიდი ნაწილი დაეთმო ეკონომიკურ წინსვლას – ღარიბაშვილმა ბევრი მაჩვენებელი 11 წლის წინანდელს შეადარა. მან თქვა, რომ თითქმის გასამმაგდა ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში – ბიუჯეტი 2012 წელს იყო დაახლოებით 8 მილიარდ 500 მილიონამდე, გაისად კი 28 მილიარდ 700 მილიონი იქნება. მისივე თქმით, ბოლო 11 წელიწადში საშუალოდ წლიურად დასრულდა 2.1 მლნ. კვ.მ ფართობის მშენებლობები, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2006-2012 წლებში ექსპლუატაციაში შესული შენობების საერთო ფართობის საშუალო მოცულობას. ასევე, მაგალითად, ღარიბაშვილის თქმით – 2012 წელს, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი, ეს მაჩვენებელი კი 2.5-ჯერ გაიზარდა ბოლო 11 წელში.
ღარიბაშვილმა, უკვე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ, მადლობა გადაუხადა დასავლელ პარტნიორებს.