პროკურორი 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე – პოლიტიკური შეფასება პრემიერის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის საფუძველი ვერ გახდება

პოლიტიკური შეფასება პრემიერის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის საფუძველი ვერ გახდება, – ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე საქმის პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, დაინტერესდება თუ არა გამოძიება პრემიერის ჩვენებით, რადგან მან განაცხადა, რომ ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია, რაზეც პროკურორმა უპასუხა:
„ბატონი პრემიერის მიერ მოვლენების დასრულების შემდგომ გაკეთებული პოლიტიკური შეფასება ვერ გახდება საფუძველი მისი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისა“, – დასძინა თამარ ბეჟუაშვილმა.
პროკურორმა ისაუბრა სამართლებრივ მტკიცებულებებზე, მისი თქმით, წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.
„სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი გახლავთ მტკიცებულება, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. კონკრეტულად ღობესთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ღობეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ღობეს არ აღენიშნება ჭრის კვალი. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერტი ბრალდების მხარეს შეყვანილი ჰყავს დასაკითხ პირთა სიაში და სასამართლოს წინაშე მათ შორის დაცვის მხარესაც ექნება საშუალება, დაუსვას შეკითხვები კვლევასთან დაკავშირებით.
მთელს სისხლის სამართლის საქმეზე 38 ტომზე მეტი გახლავთ წარმოდგენილი მტკიცებულებები. რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოჩანაწერებს, მათში არაერთი რაკურსით, სხვადასხვა მხრიდან დაფიქსირებული, ნათლად აღბეჭდილი, ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ჩანს“, – განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.