სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, – ამის შესახებ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დასრულდა აღკვეთის ღონისძიების განხილვის სხდომა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
მოგეხსენებათ, ჩვენ ვითხოვდით ორი ბრალდებულის, კერძოდ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, მილიონ-მილიონი ლარის გამოყენებას. ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აღნიშნული ოდენობით შეეფარდათ ბრალდებულებს გირაო, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ, როგორც მოგეხსენებათ, ვითხოვდით მხოლოდ წინა სასამართლო სხდომის ვადის განსაზღვრას, ვინაიდან ეს ბრალდებულები ისედაც ზოგი პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს განაჩენის საფუძველზე, ხოლო ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს საპატიმრო გირაო და იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში.
როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთის ღონისძიების საკითხი თითოეული ბრალდებულის მიმართ განიხილება ინდივიდუალურად. როდესაც არსებობს კონკრეტული მიზნები და საფუძვლები, მაშინ ვიყენებთ აღკვეთ ღონისძიებას, კერძოდ, თუ არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებებს, ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ეს ფასდება ზუსტად იმ დროს, იმ გარემოებაში, რა დროსაც ამ გადაწყვეტილების მიღება გვიწევს“, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.




