საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ ბრალდებულთათვის ცნობილი იყო, თუ რის საფუძველზე და რატომ იბარებდნენ მათ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და როდის უნდა მისულიყვნენ იქ, – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურორმა პროკურორმა მარიამ მეშველიანმა სასამართლო ს ხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მეშველიანმა აღნიშნა, ბრალდებულებისთვის ასევე ცნობილი იყო იმ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებაც, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში დაეკისრებოდათ.
“მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბადრი ჯაფარიძემ იცოდა, რომ იყო მიწვეული დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ასევე იცოდა, რა თემასთან დაკავშირებით იყო მიწვეული და როდის იყო მიწვეული.
ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ მან თავად გამოაქვეყნა მის კუთვნილ სოციალურ ქსელში ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიიწვია კომისიამ და მიიწვია კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს ინფორმაცია იყო აღნიშნული მხოლოდ იმ დოკუმენტში, რომელიც გაეგზავნა უშუალოდ მას, შესაბამისად, აღნიშნული ადასტურებს, რომ მას ჩაბარდა ეს დოკუმენტი, გაეცნო და მისთვის ცნობილი იყო ის შინაარსი, რაც იყო აღწერილი ამ დოკუმენტში.
მამუკა ხაზარაძის მიერ დოკუმენტის ჩაბარებას თავად ბრალდებულიც არ ხდიდა სადავოს, მან სამდივნოც უფროსს დაუდასტურა, რომ მიიღო ეს შეტყობინება, მიიღო დოკუმენტი, გაეცნო, შესაბამისად, იცოდა მან და მისთვის ცნობილი იყო ის შინაარსი, რაც იყო ამ დოკუმენტში აღწერილი.
ასეთ მსგავს საქმეებში, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ ბრალდებულთათვის ცნობილი იყო, თუ რის საფუძველზე და რატომ იბარებდნენ მათ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და როდის უნდა მისულიყვნენ იქ.
გარდა ამისა, მათთვის ცნობილი იყო, გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, მათ, ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე უარი განაცხადეს და არ გამოცხადდნენ სხდომაზე”, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, მოსამართლე ზვიად შარაძემ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და ორი წლით თანამდებობის დაკავება შეუზღუდა.
