პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი – დღემდე დაზარალებულად ცნობილია 488 პირი – დაუბრუნდათ ან დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება

დეპარტამენტის შექმნის დღიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 488 პირი, რომელთაგან 335 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად დაუბრუნდათ ან დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება, -ამის შესახებ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, „დაბრუნებული ქონებების შორის იყო 176 მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი ბინები, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები; სს „ენგურის სამედიცინო კომპლექსი“; ,,აკურას“ ღვინის ქარხანა; გორში მდებარე სასტუმრო და საცურაო კომპლექსები; ს პანსიონატის ტერიტორია; 2 თვითმფრინავი და 13 შვეულმფრენი, ასევე 83 ავტომანქანა; ოქროს ნაკეთობები; ფიროსმანის ფერწერული 2 ტილო; ანტიკვარული წიგნები და სხვა ქონებები“.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, 2015 წლის მარტის თვეში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის დეპარტამენტი შეიქმნა. მისი თქმით, დეპარტამენტის ფუნქციაა 2012 წლამდე ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე მათ შორის წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ასევე იძულებით ქონების ჩამორთმევის ფაქტების შესწავლა, გამოძიების წარმოება, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სასამართლოებში.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, დეპარტამენტის წარმოებაში დღეის მდგომარეობით 422 სისხლის სამართლის საქმეა.