პროკურორი – ზვიად რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს ჰკითხა: “ახლა, პოლიციელს ხელი რომ გავარტყა, ტეხავს?” და ხელი გაარტყა – დაზარალებულმა განმარტა, რომ გრძნობდა ტკივილს და სიმხურვალეს

ზვიად რატიანმა პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილს ჰკითხა: “ახლა მე რომ პოლიციელს ხელი გავარტყა, ტეხავსო?” და მას ხელი გაარტყა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ის გრძნობდა ტკივილს და სიმხურვალეს , – ამის შესახებ პროკურორმა გიორგი გოგალაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც პოეტ ზვიად რატიანის ბრალდების საქმეზე პროცესი გაიმართა.
როგორც პროკურორმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, ზვიად რატიანის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტი მტკიცებულებებით დასტურდება, კერძოდ კი, მომხდარი აღბეჭდილია რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, 9 აპრილის ქუჩაზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერებით.
„ბრალდებულმაც განმარტა წინასასამართლო სხდომაზე, რომ წინასწარი შეთანხმებული გეგმით მოქმედება, განმარტა, რომ სპეციალურად შეარჩია ისეთი მომენტი, სადაც ბევრი პოლიციელი იდგებოდა ერთად, შეარჩია ისეთი ადგილი, სადაც კამერა დააფიქსირებდა და სწორედ ასეთი ადგილი იყო რუსთაველის გამზირი… ბრალდებულმა არაერთხელ გამოხატა სასამართლოშიც პოლიციის მიმართ სიძულვილი. შესაბამისად, ბრალდებულის მოტივია სიძულვილი პოლიციის მიმართ. ზვიად რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს (დაზარალებული პოლიციელი) ჰკითხა – “ახლა მე რომ პოლიციელს ხელი გავარტყა, ტეხავსო?” და მას ხელი გაარტყა.
მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებული რატიანი ნამდვილად თავს დაესხა პოლიციელს, ასევე დადასტურდა ის, რომ პოლიციელს არავითარი შემხებლობა ზვიად რატიანთან წარსულში არ ჰქონდა, ზვიად რატიანი მოქმედებდა პოლიციელის მიმართ სიძულვილით. მიგვაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა 353-ე პრიმა მულით გათვალისწინებული დანაშაული და მის მართ გამოყენებული უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი. მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას მკაცრი სასჯელი”, – განაცხადა გიორგი გოგალაძემ, რომლის „ლაივ-ბლოგსაც“ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ცნობისთვის, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.