პროკურორი – ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილის ორგანიზაციის ანგარიშზე ჩარიცხა თანხა შემდეგი დანიშნულებით: „სახელოვნად გამარჯვებისთვის“ – გვაინტერესებს, ვისზე უნდა გაემარჯვა და რა იყო დანიშნულება

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი ალეკო ცქიტიშვილის ორგანიზაციის ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით – „სახელოვნად გამარჯვებისთვის“. ჩვენ გვაინტერესებს, რა თანხებია, ვისზე უნდა გაემარჯვა და რა იყო დანიშნულება, – ამის შესახებ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც განმარტა, ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე, რატომ დაიბარეს მოწმის სახით გამოკითხვაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი.
როგორც ლაშა კოტრიკაძემ აღნიშნა, გამოძიებას კითხვები სწორედ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების პერიოდში, ცქიტიშვილის ორგანიზაციის ანგარიშებზე განხორციელებულ ჩარიცხვებთან დაკავშირებით აქვს.
„აქციების პერიოდში, მისი ორგანიზაციის ანგარიშებზე ჩარიცხულია თანხები, მათ შორის თანხები ჩარიცხულია პოლიტიკოსების და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მის ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით – „სახელოვნად გამარჯვებისთვის“ . შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, რა თანხებია, ვისზე უნდა გაემარჯვა და რა იყო დანიშნულება. ასევე, ისიც მონაწილეობდა ამ საპროტესტო აქციებში და გვაინტერესებს მისი როლი, აქვს თუ არა ინფორმაცია, ვინ იყო ორგანიზატორი და რა იყო მათის აერთო მიზანი“,- განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ დაკითხვის დაწყებამდე.
რაც შეეხება თავად ალეკო ცქიტიშვილს, მან ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გამოძიების შეკითხვებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების” , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” , ა(ა)იპ „საფარის” , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.