პროკურორი გორში, მამა-შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულზე – დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მას შემდეგ, რაც მჭიდში ტყვიები გამოელია, დაჭრილზე ფიზიკური ძალადობაც მოახდინა

გორში, მამა-შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სერგო ახალკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პატიმრობის მოთხოვნაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა აღნიშნა, ბრალდების მხარის პოზიცია ეფუძნებოდა საქმეში არსებულ გარემოებებს, რომელთა საფუძველზე მოთხოვნილ იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულის მხრიდან სახეზე იყო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები.
„საქმეში არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ამხელს ბრალდებულს. ასევე არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვა არაერთი ნივთმტკიცება, არის სამედიცინო დოკუმენტაციაც, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილებს აღენიშნებათ არაერთი ცეცხლნასროლი დაზიანება.
სხეულზე, 5-ზე მეტი გასროლაა ნაწარმოები. ამავე დროს, დადგენილია, რომ ბრალდებულს მჭიდში ტყვიები გამოელია, რის შემდეგ ფიზიკური ძალადობაც მოახდინა გარდაცვლილზე, საუბარია მამაზე და ამით დაასრულა მან თავისი ქმედება“, – განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.
ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულმა სერგო ახალკაცმა სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აპრილს, გორში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამა-შვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებული და დაზარალებულები დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ.
„გალერეის“ მოვაჭრეების ინფორმაციით, კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შს მინისტრის მოადგილე – არანაირი რეპრესიები არ ხორციელდება, ჩხრეკისას არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, გაასაჩივრონ, პოლიცია კი იმ რაოდენობით იყო მობილიზებული, რაც ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას სჭირდებოდა

ირაკლი გედენიძე – იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა, ვეკითხებოდი, რა გინდათ მითხარით და გეტყვითქო, ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და დამადო