პროკურორი – არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისია

პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ბრალდებულ ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისია.
აღნიშნულის შესახებ პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა და პროცესის 8 აპრილისთვის გადადების მიზეზი განმარტა.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვისთვის მზად იყო, თუმცა ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე, ასევე, სურვილი გამოთქვა, პროცესში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა. სასამართლომ პროცესი გადადო, ვინაიდან, ბრალდებული დისტანციურად არ ჩართო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მონაწილეობას, ეს მისი უფლებაა. დაცვის მხარემ მიუთითა 38-ე მუხლზე, რაც განსაზღვრავს, ამ შემთხვევაში, ბრალდებული უფლებებს. მას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს პროცესში. ამ შემთხვევაში, ბრალდებულს ამის სურვილი გააჩნდა, თუმცა ვინაიდან მას არც ჯანმრთელობის მდგომარეობა და არც რაიმე სხვა გარემოება უშლიდა ხელს პროცესში მონაწილეობა მიეღო და ეს უბრალოდ მისი სურვილი იყო, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მოკლე ვადით, რამდენიმე დღით გადაედო პროცესი”, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.