პროკურორი ადასტურებს, რომ ლილუაშვილის საქმეში პირდაპირი ხასიათის, მამხილებელი მტკიცებულებებია – ვინ დაადო ხელი სუს-ის ექს-შეფს?

პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეში არის პირდაპირი ხასიათის – მამხილებელი მტკიცებულებები – თუ ვინ დაადო ხელი სუს-ის ექს-შეფს, პროკურორი კონკრეტულ გვარ-სახელებს არ ასახელებს.

მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ლილუაშვილის წინააღმდეგ გამოძება 2 თვის წინ კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით დაიწყო.

კონკრეტულმა პირებმა რა ჩვენება მისცეს, გამოკითხვის ოქმში რა ინფორმაცია დაადასტურეს ამაზე მე, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. ერთ-ერთი გარემოება ეს იყო დღეს პროცესის დახურვისა, თუმცა გამოკითხული არიან, რა თქმა უნდა, შემხებლობაში მყოფი პირები და გაგრძელდება ასე.
ამ საქმეში მოიპოვება მათ შორის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რასაც თქვენ მამხილებელს უწოდებთ. სხვანაირად სისხლის სამართლებრივ დევნას ვერ დავიწყებდით”, – განაცხადა პროკურორმა. 

მარიამ ბერძენიშვილმა დღეს მედიას განუმარტა, რატომ მოითოვა სხდომსი დახურვა – პროკურორის თქმით, საქმე “საკმაოდ სენსიტიურია”, აქედან გამომდინარე ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია გამოძიების დასრულებამდე არ გამჟღავნდეს კონკრეტული დეტალები.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა გრიგოლ ლილუაშვილის პირველი წარდგენის სხდომა, სადაც ბრალდების მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის, პატიმრობის გამოყენებას.
თქვენ ბრიფინგით გეცნობათ, ბატონმა გიორგი გვარაკიძემ გამართა ბრიფინგი, სადაც დეტალურად განმარტა, თუ რას ედავება პროკურატურა ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს და დღევანდელ პროცესზე, ბუნებრივია, როდესაც ბრალდების მხარე ითხოვს აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის გამოყენებას, ბრალდების მხარემ უნდა ისაუბროს როგორც ფაქტობრივ საფუძველზე აღნიშნული პატიმრობის გამოყენების, ისე ფორმალურ საფუძვლებზე, რაც თავისთავად საჭიროებს, რომ შევიდეთ გარკვეულწილად მტკიცებულებების განხილვაშიც.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმე არის საკმაოდ სენსიტიური, მრავალი დეტალი იკვეთება და გამოძიება მრავალი დეტალით მუშაობს, მე მესმის რომ არის საზოგადოების უდიდესი ინტერესი და ზუსტად ამ ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურებოდა გენერალური პროკურორის მიერ გაკეთებული ბრიფინგიც, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება, ძალიან ბევრი დეტალი არის დასადგენი, საკმაოდ აქტიურ ფაზაში ვართ და აქტიურად ვმუშაობთ, აქედან გამომდინარე ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია გამოძიების დასრულებამდე არ გამჟღავნდეს კონკრეტული დეტალები, რადგან გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილად იქნეს ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, არ მოხდეს რომელიმე პირზე სხვადასხვა ფორმით და გარემოებით ზეწოლა და რა თქმა უნდა, ვფიქრობ ეს არის საზოგადოების ინტერესიც, რომ სრულყოფილი გამოძიების შედეგი დაიდოს.
აქედან გამომდინარე ბრალდების მხარემ მიიღო ეს გადაწყვეტილება და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე პროცესის დახურვა.

რაც შეეხება დანაშაულის ხასიათს, როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განმარტა ბრიფინგისას, ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდი არის, მათ შორის თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის საკითხი, რაც ბუნებრივია იწვევს ძალიან დიდ ინტერესს, ეს არის საკმაოდ კომპლექსური ხასიათის დანაშაული. ამ მიმართულებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და სწორედ იმისთვის, რომ გამოძიებამ სრულყოფილი შედეგი დადოს ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნეს…
ერთადერთი მიზეზი რის გამოც პროცესი დაიხურა და ამ ეტაპისთვის არ გახდა საჯარო კონკრეტული პირების სახელები და გვარები არის ის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს, სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება.” – განაცხადა პროკურორმა. 

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

სასამართლო პროცესის დაწყებიდან ცოტა ხანში, სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნის საფუძველზე მოსამართლემ სხდომა დახურა.

სასამართლო პროცესს არ დასწრებია სუსის ექს-შეფი. ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სხდომაზე ბრალდებული მაღალჩინოსნის განცხადება მიიტანა.

სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას – წერს წერილში სუს-ის ყოფილი შეფი, რომელიც სხდომაზე მისმა ადვოკატმა წაიკითხა.

  • სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარუდგინეს.

ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.

წყარო