პროკურორის განცხადებით, გამოძიება ადგენს, გახდა თუ არა ავლაბარში, 47 წლის კაცის მკვლელობის მოტივი, ფელიქს კაპანოვის მიერ ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ წარსულში მიცემული ჩვენება

ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის მოტივი არის თუ არა მის მიერ ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება, აღნიშნულზე გამოძიება მუშაობს.
როგორც საქმის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, დაკავებული ძმებიდან, ერთ-ერთმა გამოძიებას განუცხადა, რომ მოკლულ ფელიქს კაპანოვს მის წინააღმდეგ წარსულში ჩვენება აქვს მიცემული, რის საფუძველზეც ის დააკავეს.
პროკურორი არ გამორიცხავს, აღნიშნული ფაქტი იყოს მკვლელობის მოტივიც.
ჟორჟოლაძის თქმით, ძმებმა მკვლელობამდე ძალადობრივი ქმედება კაპონის მიმართ ისე განახორციელეს, რომ ამას წინ რაიმე სახის დაპირისპირება არ უძღოდა.
„საქმეში თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებია, მათი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმებია. აღნიშნული მოწმეები ბრალდებულების შემთხვევის ადგილზე ყოფნას და მათ მიერ კონკრეტული ქმედებების განხორციელებას ადასტურებენ. ასევე, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს ადასტურებს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, საქმეში არის ვიდეოჩანაწერები, ჩხრეკის ოქმები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, დათვალიერების ოქმები, რაც ერთობლიობაში ამ ეტაპზე საკმარისია აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის.
ორივე ბრალდებული არაერთხელაა ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, ძალადობრივი, ნარკოტიკული დანაშაულისთვის, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის, სხვადასხვა დროს, ორივე ბრალდებულის მიმართ ძებნაც მიმდინარეობდა, სწორედ ეს საფუძველიც გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება სასამართლოს ეფიქრა, რომ არსებობდა ბრალდებულების მიმალვის საფრთხე“, – განაცხადა ჟორჟოლაძემ.
კითხვაზე, ფელიქს კაპანოვს წარსულში ერთ-ერთი ძმის მიმართ, აქვს თუ არა მამხილებელი ჩვენება მიცემული და მკვლელობის მოტივიც სწორედ აღნიშნული ფაქტი ხომ არ გახდა, პროკურორი პასუხობს, რომ „შესაძლებელია“.
„გამოძიება საწყის ეტაპზეა, ეს ინფორმაცია თავად ბრალდებულს აქვს მოწოდებული, ამ ინფორმაციის გადამოწმება მოხდება, ამის საწინააღმდეგო გარემოებები საქმეში არ არის, ვინაიდან საქმის მასალებითაც დგინდება, რომ ძალადობას – პირველ დანაშაულს, რაც დაზარალებულის მიმართ მოხდა, წინ არ უსწრებდა სიტყვიერი შელაპარაკება, ბრალდებულებმა დაზარალებულის შეხვედრისთანავე დაიწყეს ფიზიკური ძალადობა.
ბრალდებული ვრცელ ჩვენებას არ იძლევა, თუმცა, ამბობს, რომ მისი [მოკლულის] ნათქვამი სიტყვის გამო, 2020 წელს ის დააკავეს. ეს დასაზუსტებელია, გასარკვევია. ბრალდებულები და მოკლული ერთი სამეზობლოს მაცხოვრებლები იყვნენ, ერთმანეთს წლების განმავლობაში იცნობდნენ, როგორც თავად ბრალდებულები ამბობენ, მათ ადრე ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა, ბოლო წლებში, ერთ-ერთი ბრალდებულის შესაძლო დაკავების გამო დაეძაბათ“, – განაცხადა ჟორჟოლაძემ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფელიქს კაპანოვს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ძმებს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ასევე 126-ე პირველი პრიმა “ბ” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ – მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

მამუკა მდინარაძე – გახარია აგენტურის წევრია, თანამდებობებზე ყოფნისას არაერთხელ დააზიანა ხელისუფლების იმიჯი – როგორ მოხდა, რომ შს მინისტრობიდან ის პრემიერად დაწინაურდა? შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად

მამუკა მდინარაძე – სოფელში რომ შეიკრიბონ უხუცესები ან რაღაც ჯგუფი შეიქმნას და გადაწყვეტილება მიიღონ, რაღაც შედეგი იმას მოჰყვება – მეოთხედ მიიღეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილება და არაფერს არ ნიშნავს საერთოდ