პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, ბრალდებულმა ქალმა დახმარებისთვის „ქურდული სამყაროს“ ერთ-ერთ წევრს მიმართა და მოდავე მხარესთან „ქურდული გარჩევის“ მოწყობა სთხოვა.
პროკურორის განმარტებითვე, სხვა პირებმა, რომელთაც აღნიშნულ ქალთან დავა ჰქონდათ, სამართალდამცავებს მიმართეს, ბრალდებულმა კი „ქურდული სამყაროს“ წევრებს.
„ბრალდებულების მიმართ, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ტარდებოდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შედეგად მოპოვებულია მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულები არიან „ქურდული სამყაროს“ წევრები, რომლებიც „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერების მეშვეობით მოქალაქეთა შორის არსებულ ფინანსურ დავებს იხილავდნენ, აფასებდნენ კონკრეტული პირების მოქმედებებს და გამტყუნებულ მხარეს, გარკვეული მატერიალურ სარგებლის გადაცემას აკისრებდნენ. ეს „ქურდული გარჩევები“ უშუალოდ მხარეთა მიმართვის საფუძველზე ეწყობოდა, რომლებიც გარკვეულ ფინანსურ დავაზე „ქურდული გარჩევის“ მოწყობას ითხოვდნენ. ბრალდების მხარემ აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება წარმოადგინა, რაც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს.
ერთ-ერთი ბრალდებული გახლავთ ქალბატონი, რომელმაც „ქურდული სამყაროს“ ერთ-ერთ წევრს მიმართა და მოითხოვა „ქურდული გარჩევის“ მოწყობა მოდავე მხარესთან. ამ ქალბატონმა კომუნიკაციისას მიუთითა, რომ სხვა პირებმა, ვისთანაც მას დავა ჰქონდა, საგამოძიებო ორგანოებს მიმართეს, ხოლო მან, ამჯობინა, მიემართა არა პოლიციისთვის, არამედ მისთვის, როგორც „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის, „ქურდული გარჩევა“ მოეწყო და ის თანხა, რომელსაც ის ითხოვდა, „ქურდული სამყაროს წევრის“ მეშვეობით ამოეღო. თანხა, ამოღებული არ არის, თუმცა, „ქურდული სამყაროს წევრი“ მზაობას გამოხატავდა, რათა მიმართვის საფუძველზე „ქურდული გარჩევები“ ჩაეტარებინა, მეორე მხარის მოდავე წარმომადგენლები მოეწვია.
ბრალდებულებს ბრალი რამდენიმე ეპიზოდისთვის ედებათ, ჯამში 7 ეპიზოდია, სადაც განხორციელდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა, ზოგ შემთხვევაში, გარკვეული მატერიალური სარგებლის გადაცემა დააკისრეს, რაც მხარეებმა უზრუნველყვეს და გადაიხადეს იმ ოდენობის თანხები, რომელიც „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოითხოვეს“, – განაცხადა თოდუამ.
კითხვაზე, საზღვარგარეთ მყოფი „ქურდები“ თუ რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემულები, ვინაიდან „გარჩევები“ მათი დავალებებით ხდებოდა, პროკურორი პასუხობს, რომ გამოძიება გრძელდება.
„სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება სხვა შესაძლო პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით, შესაბამისად, მიმდინარე გამოძიების თაობაზე ამ ეტაპზე, ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – განაცხადა თოდუამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე ბრალდებულ 15 პირს, მათგან ერთს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
15 ბრალდებულიდან ერთი პირი ქალია, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართა.
რაც შეეხება 19 ბრალდებულიდან 4 პირს, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდათ.
გამოძიების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, საქართველოში „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს იხილავდნენ. ასევე, რვა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა.
„6 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, მათგან 1 პირს დაუსწრებლად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 8 პირს – 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.