პროკურორები და მოსამართლეები ჩინჩალაძე-მურუსიძეს ვერ ამოეფარებიან და სანქციებს ვერ გადაურჩებიან – ბაჩიაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნას რეპრესიებში მონაწილე მოსამართლეებისა და პროკურორების დასანქცირების თაობაზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ეხმაურება.
გიორგი ბაჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ჯო უილსონის მიერ გამოქვეყნებული სია იმის დასტურია, რომ შტატები ივანიშვილის ბინძურ თამაშს არ ითამაშებს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს არ შეეგუება.
“საშუალო და ქვედა დონის პროკურორები და მოსამართლეები ჩინჩალაძე-მურუსიძეს ვერ ამოეფარებიან და სანქციებს ვერ გადაურჩებიან” – ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი “პირველებთან”.
“უილსონის ტვიტი ცხადყოფს, რომ დასავლეთმა გააცნობიერა ივანიშვილის გეგმა, რომ ივანიშვილს უნდა ყველა ის ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ დიქტატორულ რეჟიმს, გააჩუმოს, დაიჭიროს და ჰგონია, რომ ამით ჩაახშობს პროტესტს. შესაბამისად, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ცხადი გზავნილი, რომ ისინი არ შეეგუებიან და არ ითამაშებენ ივანიშვილის ბინძურ თამაშს.
ყველანაირი საფუძვლიანი მოლაპარაკების დაწყებას წინ უნდა უსწრებდეს ყველა ტყვის გათავისუფლება, ყველა მახინჯი და დანაშაულებრივი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, რომელიც ივანიშვილის ბოლოდროინდელმა პროკურორებმა და მოსამართლეებმა შეთხზეს.
სანქციებს ვერ გადაურჩებიან საშუალო და ქვედა დონის პროკურორები და მოსამართლეები. ვერ ამოეფარებიან ჩინჩალაძეს, მურუსიძეს და მსგავს ხალხს, ვინც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას ანგრევს. რა თქმა უნდა, ზედა ეშელონებზეც გაგრძელდება სანქციები, მაგრამ ქვედა ეშელონები ვერ დარჩებიან სხვა ხალხის უკან.
ეს არის გზავნილი, რომ ივანიშვილი ვერ დაიცავს მათ. პრინციპში, ივანიშვილი არც იცავს მათ. ივანიშვილს აწყობს, რომ ეს ხალხი მაქსიმალურად იყოს შებოჭილი, დასანქცირებული და ჩამოკიდებული, მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინაზე”, – ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ქართველი მოსამართლეებისა და პროკურორების დასანქცირებას ითხოვს – ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე იმ ადამიანთა სიას აქვეყნებს, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრანტებს საქმეებს უკერავენ და ს უკანონო დავალებებს ასრულებენ.