პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებს, გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს.
„დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ს, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ, ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.
აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-2023 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებული ცნო დამნაშავედ და სამ მათგანს 5-5- წლით, ერთს კი 4 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ერთ-ერთ ბრალდებულთან, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარესთან აქტიური თანამშრომლობის გათვალისწინებით, შედგა საპროცესო შეთანხმება და სასჯელად პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილმა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა ჩაატარა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა