თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მას მოსამართლემ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 77,84232 გრამი მეთადონი (ფუძე) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 55,745294 გრამი კოკაინი (ფუძე), რასაც უკანონოდ ინახავდა მის დროებით საცხოვრებელში, სასტუმროს ნომერში. ბრალდებულმა ასევე, მის მიერ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი გასაღების მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 19-260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
