პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

პროკურატურის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, ლ.ს.-ს მიმართ გააუქმა ს საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 11 მარტს, ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ლ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, ნ.თ.-ს სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ლ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით, ლ.ს.-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა, სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ