სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძე, რომელზეც პროკურატურას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, ესპანეთში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული მედიასაშუალებები ავრცელებენ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
პროკურატურის თანახმად, ამჟამად პაიკიძეზე საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ბიჭიკო პაიკიძე თავადაც “ქართული ოცნების” წევრი და ვანის საკრებულოს დეპუტატი იყო ამ პარტიიდან.
25 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავსა და ვანში საკრებულოს მოქმედ წევრს „ქართული ოცნებიდან“ ბრალი წაუყენეს სახელმწიფოს მიერ კუთვნილი თანხების დაუფლების ბრალდებით.
2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, კომპანია „ბი პი ტრანსის“ დირექტორი ვალერიან კვარაცხელია დააკავეს. ასევე, ბრალი წაუყენეს ამ. კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს. პაიკიძე ამავე კომპანიის ყოფილი დირექტორია. ის წილის 100 პროცენტს ფლობს. ბიჭიკო პაიკიძეს ედება ბრალი თაღლითობაში, ყალბი დოკუმენტების მომზადებაში, რაშიც ეხმარებოდნენ დანარჩენი ბრალდებულები და ამაში მდგომარეობს მათ მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალიც.
პროკურატურის თანახმად, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენაზე მუშაობისას, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრამდე, სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 მილიონი ლარი იქნა მითვისებული.
ბოლო პერიოდში გრიგოლ ლილუაშვილის სახლი გაჩხრიკეს და მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი დააკავეს.




