პროკურატურის ავტომობილებზე 3 წელში მხოლოდ 23 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა | ოპოზიცია შერჩევით ჯარიმებზე საუბრობს
წერს თუ არა საპატრულო პოლიცია ჯარიმებს შერჩევით? – საქართველოს პროკურატურის კუთვნილ ავტომობილებზე 3 წელიწადში მათ მიერ მხოლოდ 23 საჯარიმო ქვითარია გამოწერილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ, პარლამენტის წევრ თინა ბოკუჩავას, სადეპუტატო კითხვის პასუხად მიაწოდა.
საუბარია 2020 წლიდან 2023 წლის დეკემბრამდე პერიოდზე. პროკურატურის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 1 480 ლარი შეადგინა. ამ დროისთვის პროკურატურის ბალანსზე 201 ავტომობილი ირიცხება.
შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მფარველობენ პროკურატურის თანამშრომლებს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, პროკურატურა პრივილეგირებულ მდგომარეობაში შეკერილი, პოლიტიკური საქმეების გამოა.
“საქართველოს პროკურატურა, ყველა იმ შეკერილი პოლიტიკური საქმის გამო, არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ფაქტობრივად, ჩამოურიგეს მათ ე.წ. ნარუშილოვკები და სწორედ მათ კუთვნილ ავტომობილებს ვხედავთ იმ ბასლაინებზე, რომლებიც კახი კალაძემ მუნიციპალური ტრანსპორტისთვის განათავსა დედაქალაქში. ყველა ამ სახელმწიფო კუთვნილ რესურსებს პირადი კეთილდღეობისთვის ინაწილებენ და ისაკუთრებენ,” – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა ფარულავა.