მოკლედ
· პროკურატურამ 11 სექტემბერს დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალი წარუდგინა;
· ხაბეიშვილს გამოძიება სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა დანაშაულს ედავება – საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის შეთავაზებას და მოწოდებებს ხელისუფლების დამხობისკენ.
· ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ და თვლიან რომ ეს დაკავება 4 ოქტომბერს დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციებთან არის დაკავშირებული.
პროკურატურაში 13 სექტემბერს გამართულ ბრიგფინგზე ითქვა, რომ ლევან ხაბეიშვილის დანაშაულად ითვლება 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში სატელევიზიო ეთერებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდებები, რომლის ადრესატებიც ძალოვანი უწყების თანამშრომლები იყვნენ.
“[ხაბეიშვილი] შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ წვრთნასა და ვარჯიშზე, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ამავდროულად, ლევან ხაბეიშვილი დასახელებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით გადახდას ასევე საჯაროდ ჰპირდებოდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და საიდუმლო მასალებს” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მას ბრალი სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
მას შემდეგ რაც ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, როგორც მისმა თანაგუნდელებმა, ასევე სხვა პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმაც კი, სოციალურ ქსელში იგივე მოწოდებები გაავრცელეს, რაც ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიებას დაედო საფუძვლად – ამჯერად ისინი გაორმაგებულ თანხას სთავაზობდნენ პოლიციელებსა და სპეცრაზმის წევრებს თანამშრომლობისთვის.
ხაბეიშვილს პროკურატურამ ასევე საჯარო განცხადებების საფუძველზე ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში, ხელისუფლების დამხობის მოწოდებების გამოც წარუდგინა – ესაა სსკ-ის 317-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
პროკურატურა ხაბეიშვილისთვის აღკვეთი ღობისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილთან ერთად დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, ის დაკავებულია იმისთვის, რომ ლევან ხაბეიშვილს დაკავებისას გამოართვა მობილური ტელეფონი, რომელიც მას ხაბეიშვილმა მიაწოდა.
“მურთაზ ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება” – ამბობს პროკურატურას.
ზოდელავას ბრალი სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა თანახმაა ზოდელავა გირაოს სანაცვლოს გათავისუფლდეს.
ფორუმი




