20 ოქტომბერს ღამით ფიროსმანის ქუჩაზე, ე.წ. მალაკნების ბაზართან, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 4 პირს ბრალი წარუდგინეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
დაკავებულებიდან ერთს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება. დანარჩენს სამს კი ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2024 წლის 21 ოქტომბერს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სამ ბრალდებულს კი ბრალდებაწარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 27 წლის ფირცხალაიშვილს რამდენჯერმე ესროლა და ორი ჭრილობა მიაყენა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დასადგენად და დასაკავებლად.
