გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო სანქციები დაუწესდა საქართველოს 300-მდე მოქალაქეს. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და ბიზნესმენები.
საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული 300-მდე პოლიტიკური თანამდებობის პირისა, საჯარო მოხელის თუ ბიზნესმენის სანქცირება გენერალურმა პროკურორმა სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტიურობას დაუკავშირა.
„ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“, – თქვა გიორგი გვარაკიძემ.
· სამივე პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე აღძრულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე – 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
· დამატებით ელენე ხოშტარიას ედავებიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას ან მხარდაჭერას (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – 6-დან 10 წლამდე პატიმრობა).
დღეს, 6 ნოემბერს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა ოპოზიციონერი (მიხეილ სააკაშვილი, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე) პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.




