„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. დღევანდელ სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელია ადვოკატთან ერთად უკვე მივიდა.
პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი 28 აპრილს წარუდგინა. საქმე ეხება პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას.
თავად ნიკა მელია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილი იძულებულია რეპრესიები გაზარდოს“.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
