პროკურატურა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახთან შესახვედრად მზაობას გამოთქვამს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და გამოხატავს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს ოქტომბერში მომხდარი ძალადობის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახს.
ამასთან, პროკურატურის განცხადების მიხედვით, მზად არიან “ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა”.
“საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები, ასევე ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა, “მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე”, საზოგადოებას შეახსენებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი.
“მათ შორის ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), ხოლო სამს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის”.
ასევე განაგრძობს გამოძიებას ცალკე გამოყოფილ საქმეზე.
მოკლული მასწავლებლის ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართა 22 დეკემბერს. გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, თავისი შვილის საქმის კვალიფიკაციის შეცვლას და გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით. ოჯახი მოითხოვს “განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს” დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი ყველა ადამიანი.
ოჯახი 8 იანვარს პროკურატურასთან აქციის გამართვას გეგმავს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
22 დეკემბერს გამართულ აქციაზე, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს პროკურატურის შენობაში შესვლა და საუბარი შესთავაზეს პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსმა ბიძინა ქუმსიაშვილმა და უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბაია ცანავამ, რაზეც უარი მიიღეს.
· გამოძიების თანახმად, 1 ოქტომბერს 28 წლის გიგა ავალიანს თემქის დასახლებაში, სახლთან ახლოს, 17 წლის არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა.
· ძალადობა ტელეფონით გადაიღო მასთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა – 16 წლის მოზარდმა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
· სასტიკად ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
· გიგა ავალიანმა 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ფორუმი