პროკურატურა მთავარ არხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ტელეკომპანიას “ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით” მიმართა.
მანამდე, მთავარმა არხმა ვებ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალური პროკურატურა ტელეკომპანიაში და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა.
პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია – საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.
“საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია მთავარ არხს ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, ამავე ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
განჩინებები, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მოძიების და შემდგომი გადმოცემის მიზნით, ოფიციალურად ჩაბარდა შპს მთავარი არხი და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს და მათ დოკუმენტების გადმოსაცემად მიეცათ გონივრული ვადა.
საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.
გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საქართველოს პროკურატურა მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.