პროკურატურა ითხოვს ჩემს დაკითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, აცხადებს, რომ პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე მის დაკითხვას ითხოვს.
სააკაშვილის თქმით, ის პატიმრობის გამო, 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზებაში ჩართული არ ყოფილა.
„ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის “პროკურატურა” ითხოვს ჩემს დაკითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე. ძალიან უნდათ 4 ოქტომბერი რაღაცნაირად მომაბან. ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზატორობა, მაგრამ სამწუხაროდ სრულ იზოლაციაში მამყოფებენ და ვერ გამომდის ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებში მონაწილეობა.
მიმაჩნია, რომ 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზებაში და წარმართვაში რომ ვყოფილიყავი ჩართული, სულ სხვა შედეგზე შევძლებდით გასვლას. ყველანი ვხვდებით, რომ სამართლებრივი პროცესი ქოცების პირობებში არასდროს იქნება და ყველაფერი ერთი ბოროტი კარაბას-ბარაბასის თეატრია. ჩემი პოზიციაა, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ბევრად მეტად გავამძაფროთ. საქართველო აუცილებლად დაამარცხებს დიქტატურას!“, – აცხადებს სააკაშვილი.
4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის 46 პირი დააკავეს. მათგან მხოლოდ 2-ს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს და გრაფიკულ დიზაინერს, ია დარახველიძეს შეუფარდეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო და გაათავისუფლეს. დანარჩენები კი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეებზე დაკავებული არიან 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებიც: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, და ლაშა ბერიძე. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.