პროკურატურა: დუშეთთან შსს-ს თანამშრომელი ქვეითს დაეჯახა და მიიმალა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გამოძიების ვერსიით ქვეითს პირადი ავტომობილით დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყების განცხადებით, დაშავებული, რომელიც ბრალდებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა, დაიღუპა:
„ქალაქ დუშეთის შესასვლელთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით გარდაიცვალა .აღნიშნულის შემდგომ, ავტომობილის მძღოლმა მიატოვა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, — აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების განცხადებით, თ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს კანონით დადგენილ ვადაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში