პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ექიმ გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამარლოში გაასაჩივრებს.
პროკურატურის განცხადება:
“საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 3,73133 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას „ალფაპევეპეს“ (α-PVP).
სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
