საქართველოს პროკურატურა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებისთვის, გიორგი ხასიასა და კაკო ჩიქობავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ მოძრაობა ხმა ავრცელებს.
გამოძიება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსით ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღესაა ჩანიშნული. პარალელურად, სასამართლოს ეზოში დაკავებულთა მხარდასაჭერად მოქალაქეები იკრიბებიან, მათ შორის არიან სტუდენტებიც.
ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია, ხოლო ხასია ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
***
23 ნოემბერს, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა. ადგილზე დაპირისპირება და ხმაური იყო. საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარი, შემდეგ კი ბინის კარი გაჭრა. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. გარდა ამისა, დაპირისპირების დროს დააკავეს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
რადიო თავისუფლებასთან მარინა ხატიაშვილი ყვებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს ბანკიდან 20 ათასი დოლარი ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილებების გამო ბანკმა საქმე სასამართლოს გადასცა და 21 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკის იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, “მევახშესთან” დაკავშირება ურჩია და სადაც 27 ათასი დოლარი ისესხა. როგორც ქალი ამბობს, კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში 80 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და მას შემდეგ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა.
გუშინ, 24 იანვარს დარეჯან დვალის ადვოკატმა, გიორგი სუხიტაშვილმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. მისი ინფორმაციით, დვალი თანახმაა, მარინა ხატიაშვილის ოჯახს ქონება დაუბრუნოს იმ შემთხვევაში, თუ ის ერთი თვის პერიოდში 90 000 აშშ დოლარს გადაიხდის.
დაასახელა კიდევ ერთ პირობას, რომელზეც მისი თქმით, ე.წ. მორიგებაშია საუბარი – კერძოდ, ადვოკატის განცხადებით, უნდა შეწყდეს “ზეწოლა და შეურაცხყოფა”, რაც სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზიებში “აგრესიული ჯგუფების მიერ” დარეჯან დვალის წინააღმდეგ მიმდინარეობს.