პროკურატურა გაასაჩივრებს ცოლზე ძალადობაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას

საქართველოს პროკურატურა გაასაჩივრებს ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას.
პროკურატურა წერს, რომ არ ეთანხმება ს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლოში საჩივარს კანონით დადგენილ ვადაში შეიტანს.
“პროკურატურა არ ეთანხმება ს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 4 დეკემბერს, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ნ.ს-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ძალადობა განახორციელა”. – წერს პროკურატურა.
მათივე ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღვკეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო – 10 000 ლარი შეუფარდა.