პროკურატურა – ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც მარტყოფში ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს და ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კამერა და ტელეფონი წაართვა

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მომხდარი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მათზე ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების თანახმად, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 12 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს და ოპერატორს მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კამერა და ტელეფონი წაართვა.
„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სასამართლო 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ 5 პირის – ბექა მაჭავარიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, მანუჩარ მიქელაძის, ალექსანდრე ხაბეიშვილის და სერგო მეგრელიშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს