პროკურატურა ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

პროკურატურა ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის (საზოგადოებაში ცნობილია, როგორც „ზარალა“) წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოშია შესული. საქმე დაეწერა მოსამართლე ნანა შამათავას.
ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა კომპანიის დამფუძნებელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, 6 ივლისს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილი) ბრალდებით. წაყენებული ბრალით მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტირებული „WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა“, – წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
· „სილქნეტმა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებმა 2024 წლის 30 ნოემბერს – ანტისამთავრობო საპროტესტო დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, – განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებას.
· „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას“
· „არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, – განაცხადეს კომპანიებმა.
ფორუმი