პროკურატურა აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ექიმ გიორგი ახობაძის უდანაშაულოდ ცნობისა და გათავისუფლების შესახებ.
ახობაძე, რომელსაც ნარკოდანაშაულში სდებდნენ ბრალს და 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, რამდენიმე საათით ადრე გაამართლა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა.
ახობაძე აცხადებდა, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს.
ახობაძე 8 დეკემბერს დააკავეს და „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის“ ბრალი წაუყენეს.
მოსამართლემ დღეს განაცხადა, რომ ახობაძის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ გადაწყვეტილება „მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის“ გამო გამოიტანა.
გიორგი ახობაძეს გულშემატკივრები სასამართლოს ფოიესა და ეზოში შეძახილებით შეხვდნენ. მას დიდი ხნის განმავლობაში ეხვეოდნენ გულშემატკივრება და გათავისუფლებას ულოცავდნენ.
ახლობაძემ მადლობა გადაუხადა მედიასაშუალებებს, რომლებიც მის სასამართლო სხდომებს აშუქებდნენ.
„ბრძოლა ბოლომდე!“ – შესძახა მან შენობიდან გამოსვლისას.
ექიმი გიორგი ახობაძე გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს, როცა ის დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.
პროკურატურა აცხადებდა, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებას ფლობდა. წაყენებული ბრალით, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.
გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.
„აუცილებლად მინდა ვისაუბრო მოტივზე, რის გამოც აქ ვართ შეკრებილები და რის გამოც ციხეში ჩამსვეს – თუ ერთი წინადადებით აღვწერთ, ეს საქმე არის „რუსული რეჟიმის“ მსახური, მხდალი, შეშინებული ადამიანების რევანშია ჩემ მიმართ. ზუსტად ამას მიფიქსირებდნენ დაკავების დროს.
სხვა რომ ვერაფრით ვერ მომერივნენ, – ვერც დაშინებით, ვერც დისკრედიტაციით (ჩემს მანქანაზე, სახლის ფასადზე წარწერებით), – მოიფიქრეს ბანალური „ჩადების საქმე“, რომელშიც განსაკუთრებულად დახელოვნებულები არიან – ეს შსს-ის სავიზიტო ბარათია დამოუკიდებელი საქართველოს მანძილზე”, – თქვა მან 25 ივლისს თავის დასკვნით სიტყვაში.
ახობაძის საქმის გამოცხადებამდე ორი საათით ადრე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მზია ამაღლობელს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს.
ახობაძემ გათავისუფლების შემდეგ მასზე განაცხადა: „მორალური თვალსაზრისით, 2 წელი იქნებოდა, 4 თუ 7, ერთი და იგივეა – ციხეში რომ დატოვეს, სინდისი არ აქვთ“.
