საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე ევროპის საბჭოს მენტორინგის პროგრამის მესამე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გახსნა. ღონისძიებას მენტორებთან და მენტორინგის პროგრამის მონაწილეებთან ერთად ევროპის საბჭოს რეგიონული პროექტის მენეჯერი დანკო რუნიჩი ესწრებოდა.
„პროგრამის გახსნას წინ უძღოდა ტრენერთა ტრენინგი ქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პროკურატურიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მუშაობის გამოცდილების მქონე ხუთმა სპეციალიზებულმა პროკურორმა გადამზადება გაიარა. გადამზადებული პროკურორები მენტორობას ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის თემაზე სპეციალიზებულ პროკურორებს გაუწევენ.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მენტორინგის პროგრამის მეორე ეტაპის შედეგები შეაჯამეს. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მენტორინგის პროგრამის მნიშვნელობას პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობაზე. ასევე, აღინიშნა მენტორინგის მეთოდოლოგიის ინოვაციური მიდგომის დადებითი მხარეების შესახებ, რომელიც სწავლების ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, გამოცდილ პროკურორ მენტორსა და პრაქტიკოს პროკურორს შორის მხარდაჭერით კომუნიკაციას, რეფლექსიის ხელშეწყობას და მართლმსაჯულების სექტორში გენდერულად მგრძნობიარე მიდგომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს.
მენტორინგის პროგრამა 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ქალების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის ბარიერები, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში, საერთაშორისო სამართლის გამოყენება შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკაში იმპლემენტაცია, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრა, გენდერულად სენსიტიური მიდგომების გამოყენება პრაქტიკაში და სხვა.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით პროკურატურა ყოველწლიურად არაერთ ღონისძიებას ატარებს. პროკურორთა შესაძლებლობების გაძლიერება და გენდერულ საკითხებზე კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.