პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი, ჩაფხუტში დამალული, 476,784 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (ფუძე) უკანონო შეძენას ცდილობდნენ.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულები ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში დააკავეს.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – ვერ ვიტყოდი, რომ დავითაშვილი დაქვეითებულია, მინისტრთა კაბინეტიდან ფიზიკური გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე რეგალია, ან ცოდნა მოაკლდა – მდივანი ეკონომიკურ საბჭოში საკმაოდ მაღალი რეგალიაა