ყოფილ პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა. ეს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა.
გვარაკიძის ცნობით, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ბრალდებულისთვის აღკევეთის ღნისძიების სახით 1 მლნ ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია, როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.
აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა.
გვარაკიძის ცნობით, ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნტქით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის რეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
პროკურატურის განცხადება:
“საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა რა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება. მიუხედავად აღნიშნულისა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას, როგორც თანამდებობის პირს, გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება.
ზემოხსენებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს – 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.
გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.
ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად.
ზემოაღნიშნული ქმედებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს – 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.
აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურა მოითხოვს ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას, როგორიცაა საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისათვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”.
***
სუს-ის ცნობით, ანტიკორუფციულ ბიუროში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. სუს-ის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა არ უპასუხა კითხვას, დაკავებულია თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პრემიერის თანამდებობას 2-ჯერ იკავებდა.
მანამდე, სუს-ში ამავე საქმეზე ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ ყოფილ სუს-ის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კობა ხუნდაძე დააკავეს და საქმის ფარგლებში, მისი სახლიდან დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს.
კერძოდ, პროკურატურის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის კობა ხუნდაძის სახლიდან ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული თანხა, ჯამში – 1 319 300 დოლარი.
ასევე, ყოფილი მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის სახლიდან ამოღებულია 2 904 900 დოლარი.
საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებშიც – ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის, ასევე, მათთან დაკავშირებული საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკების შედეგად სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა ამოიღეს.
კობა ხუნდაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ სუს-თან თანამშრომლობით “ინტენსიურად აგრძელებენ გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით”.




