პროკურატურამ საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

მოკლედ
· პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე.
· გამოძიება “სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით” ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი ქონების მითვისებას და გაფლანგვას შეისწავლის.
· გამოძიების ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვის შემდეგ დაიწყო.
· გამოძიება კოსტავას #77-ში მდებარე უძრავი ქონების პრივატიზაციის ამბებს შეისწავლის. ეს არის შენობა, სადაც საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის განმარტებით, ტექნიკური უნივერსიტეტი არც სასწავლო და არც კვლევითი მიზნებისთვის არასოდეს იყენებდა და მას ეკონომიკის სამინისტრო განკარგავდა.
“საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
„საქართველოს უნივერსიტეტი“, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას ეკუთვნის, ბოლო პერიოდია ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო მედიის თავდასხმის ობიექტია. მას ადანაშაულებენ „ანტისახელმწიფოებრივ ტრენინგების“ ორგანიზებაში, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებები საზოგადოებისთვის არ გაუცნიათ.
„საქართველოს უნივერსიტეტზე“ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან თავდასხმა წლების წინ დაიწყო – მაშინ, როცა 2023 წელს „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად პარლამენტთან მრავალრიცხოვანი აქციები იმართებოდა. იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ თქვა, რომ ამ უნივერსიტეტში მიმდინარეობდა „ახალგაზრდების ტინის გამორეცხვა“. „იმედის“ ეთერში მანვე ახსენა „ტექნიკური უნივერსიტეტის“ ქონების 1 ლარად გადაცემაზე, რასაც „საქართველოს უნივერსიტეტმა“ განცხადებით უპასუხა.
„გვსურს იმედი დავიტოვოთ, რომ პრემიერის განცხადება განპირობებულია არა ცილისწამების მიზნით, არამედ ინფორმაციის უქონლობით… გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ უნივერსიტეტი დააარსეს და მათთვის ის არავის „გადაუცია“. რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, ყველაფერი შეძენილია ღია აუქციონზე და გადახდილია 4 მილიონ დოლარამდე. ეს თანხა უნივერსიტეტმა საბანკო კრედიტის საშუალებით დაფარა. ცხადია, ამის დამადასტურებელი ყველა საბუთი საჯაროდაა ხელმისაწვდომი“, – ეწერა განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ეწერა, რომ „საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იდგება ნათელ მხარეს – სამშობლოსა და ახალგაზრდების ინტერესების სადარაჯოზე“.
„საქართველოს უნივერსიტეტი“ ეხმარებოდა იმ ყოფილ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას გაემიჯნნენ და სამსახური დაკარგეს – ამისთვის მათ 200 000-ლარიანი ფონდი შექმნეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში