საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმე ეხება სოფელ კაზლარში, 12 აგვისტოს მომხდარ შემთხვევას – ბრალდებულმა ერთ პირს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
