პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ნოემბერს, რუსთავში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა მ. ლ.-მ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლის ე. მ.-ს მიმართ, მათივე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობა განახორციელა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.