პროკურატურამ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკა დაასრულა

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკა დასრულდა. სამართალდამცველების სადარბაზოდან გამოსვლას შენობის მიმდებარედ შეკრებილი მოქალაქეების ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა. ისმოდა შეძახილები: „რუსებო“, „მონებო“.
პროკურატურის თანამშრომლები ჟორჟოლიანის სახლში დღეს დილით შევიდნენ. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა სამოქალაქო აქტივისტების – მარიამ ბაჯელიძისა და მარიამ გეგუჩაძის, ასევე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის სახლებში.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით, მათ შორის უცხოეთიდან დაფინანსების მობილიზების მიმართულებით, რაც ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული.