საქართველოს პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, გასაღების, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა შეკვეთით დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა.
გიორგი მიქაძე დაკავებულია, ხოლო დავით მიქაძეზე და კიდევ ერთ პირზე ძებნა გამოცხადდება.
ბრალდებულ ძმებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით (შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წალმდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებ დ.და გ. მ.-ებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით დ. და გ. მ.-ები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გ.ჯ.-ს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგან მიიღეს თანხმობა და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ამ მიზნით მათ შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გ. ჯ.-ს ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გ. უ.-თან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია ,რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.
გ. ჯ., დ. და გ. მ.-ები გ. უ.-ს სისტემატიურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას. გ. ჯ.-მ და გ. კ.-მა ს. წ.-სგან მართლსაწინაღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი ,,GLOCK 19″ მოდელის პისტოლეტი გ.ჯ.-მ გ. უ.-ს გადასცა.
მიმდინარე წლის 15 თებერვალს გ. ჯ.-მ საბერძნეთიდან დაბრუნებულ გ. უ.-ს შეხვედრა დაუთქვა სასტუმრო ,,თბილისი თაუერი“-ს შენობასთან. დაახლოებით 19:14 საათზე გ.უ. მივიდა დათქმულ ადგილას და შეხვდა გ. ჯ-ს, სადაც ასევე სასტუმროში მივიდნენ დ. და გ. მ.- ები.გ. ჯ.-მ და გ. უ.-მა განიხილეს დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი დეტალები, მათ შორის გ. უ.-ს მიაწოდა დ. და გ. მ.-ებისგან მიღებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და დაბინავების შესახებ. შესაბამისად გ. ჯ.-მ გ. უ.-ს დაავალა ლევან ჯანგველაძის თვალთვალი, მკვლელობისათვის შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევის მიზნით.
ლევან ჯანგველაძე საქართველოში ჩამოვიდა 2025 წლის 16 თებერვალს და დაბინავდა სასტუმრო „ამბასადორში“. გ. უ.მა იცოდა რა ლევან ჯანგველაძის ადგილსამყოფელის შესახებ, ისიც მივიდა სასტუმრო ამბასადორთან და დაიწყო ლევან ჯანგველაძის თვალთვალი და ინფორმაციის მოძიება. თვალთვალის დროს მიღებულ ინფორმაციას კომუნიკაციის სხვადსხვა საშუალებით გ. უ. აწვდიდა უშუალოდ გ. ჯ.-ს, გ. და დ. მ.ებს ასევე სხვა პირთა ინფორმირების მიზნით.
მიმდინარე წლის მარტის თვეში დ. და გ. მ.-ებმა გ. ჯ.-ის საშუალებით გ. უ.-ს მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ, შესაბამისად ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით.
2025 წლის 14 მარტს ლევან ჯანგველაძე გამოემგზავრა საქართველოში. აღნიშნული ინფორმაცია გ. ჯ.-მ და ძმებმა მ.-ებმა მიაწოდეს გ. უ.-ს, რომელიც დაახლოებით 18:15 საათზე ტაქსით გამოვიდა ვაზისუბნიდან და დაახლოებით 20:40 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაელოდა ლევან ჯანგველაძის მისვლას. ეს უკანაკნელი მის მეგობართან კ.ძ.-თან ერთად დაახლოებით 22:35 საათზე მივიდა მისი მეგობრის პანაშვიდზე, საიდანაც დაახლოებით 23:30 საათზე გამოვიდა. იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძე მეგობართან ერთად ფეხით გადადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, გ. უ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ლევან ჯანგველაძის მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, გ. უ.-მ ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირის მიმართულებით მისი მოკვლის მიზნით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ. უ. ქარელის მიმართულებით წავიდა და მოიშორა დანაშაულის იარაღი და მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებული ჰქონდა პოლონეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი და რომლითაც აქტიურ კომუნიკაციაში იყო გ. ჯ.-სთან. გ. უ. 2025 წლის 15 მარტს დაბრუნდა თბილისში და მივიდა სასტუმრო ,,თბილისი თაუერსში“, სადაც სურდა გ. ჯ.-ს ნახვა, თუმცა იმის გამო რომ ეს უკანასკნელი ვერ ნახა, სასტუმრო თბილისის თაუერის ტელეფონიდან რამდენჯერმე სცადა გ. ჯ.-ს ტელეფონზე და სოციალურ ქსელ ,,whatsapp“ -ზე დაკავშირება. ამის შემდეგ კვლავ გ. ჯ.-ს ნახვის მიზნით 16 მარტს ის მივიდა გ. ჯ.-ს ნათესავის მ. ბ.-ს სამსახურში, ,საიდანაც ტელეფონის საშუალებით რამდენჯერმე დაუკავშირდა მ.ბ.-ს და მასთან კომუნიკაციის დამყარების შემდეგ დაახლოებით ერთ საათში დატოვა მითითებული ადგილი. 17 მარტს გ.ჯ.-სთან კონტაქტის დამყარების მიზნით კვლავ მივიდა მ. ბ.-ს სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა გ. ჯ.-სთან კვალვ ვერ მოახერხა კომუნიკაციის დამყარება. იმავე დღეს გ.უ. სამართალდამცავებმა დააკავეს გ. ჯ.-ს ნათესავის, მ. ბ.-ს სამსახურთან ახლო მდებარე ტერიტორიაზე.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხა ათეულობით მოწმე, ამოღებულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახურე ანძების ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება.
ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე 2025 წლის 11 აგვისტოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გ.მ.,გ.კ., და მ.ბ. დააკავეს.
ბრალდებულებს, ძმებ გ.და დ.მ.-ებს და გ.ჯ.-ს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით (შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წალმდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ. კ.-ს ბრალდება წარედგინა 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, (ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვა), რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მ. ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
