საქართველოს პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „კრისტალ ჯგუფში“ შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ ძირითადი საქმიანობა დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობასა და შემდგომ რეალიზაციას მოიცავდა.
გამოძიების მიხედვით, ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ისე შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემულ სამშენებლო პირობებს. უკანონოდ აშენებულ ობიექტებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.
„აღნიშნული გზით, შპს ‘ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა' დიდი ოდენობით 1 894 925 ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო. მიღებული თანხების ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულმა თანხის ნაწილი კომპანიის საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ნაწილი კი პირად საკუთრებაში გადაიტანა და შემდგომ უძრავი და მოძრავი ქონებები შეიძინა,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ვლადიმერ სტეფანიანს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) და 194-ე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლებით, რაც თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.
დეველოპერული კომპანია “კრისტალ ჯგუფი” 2008 წლიდან ოპერირებს ბაკურიანში. კრისტალ ჯგუფმა საქმიანობა სასტუმრო ბიზნესით დაიწყო. განვითარების ახალ ეტაპზე კი კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა უძრავი ქონების მშენებლობასა და მართვას. ამჟამად, კრისტალი წარმოდგენილია კომპლექსურად: ყველაფერი ერთ სივრცეში და ჩამოყალიბდა ბრენდად, როგორც „კრისტალის საკურორტო ზონა“ ბაკურიანში.
“კრისტალ ჯგუფის” იგივე შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანია. სტეფანიანს 2021 წელს “ქართული ოცნებისთვის” 50 000 ლარი აქვს შეწირული, 2018 წელს – სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის – 60 000 ლარი. 2012 წელს კი “ნაცმოძრაობისთვის” 2500 ლარი.




