საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ოქტომბერს ბრალდებულები ქ. თბილისში, სვიმონ კლდიაშვილის ქუჩაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქუჩაში მიმავალ დაზარალებულს მანქანიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებული ბრალდებულების მოძრავი ავტომანქანისკენ გაემართა, რა დროსაც მძღოლმა მოძრაობის სიჩქარე შეამცირა და სროლისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა, ავტომობილში მის უკან მჯდომმა მეორე ბრალდებულმა კი დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რითაც ადგილზე მოსიარულე ქვეითების სიცოცხლეს და ჯანმრთელობასაც შეუქმნა საფრთხე. სროლის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.