პროკურატურამ თაღლითობის მცდელობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების და მოტყუებით თანხის დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 26 ნოემბერს, ქალაქ რუსთავში, ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის მოტყუებით მიღების მიზნით, მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილი განზრახ შეაჯახეს დაზარალებულის ავტომობილს, რითიც მას 2300 ლარის ზიანი მიაყენეს. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა ხელოვნურად შექმნეს ვითარება, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაზარალებულის ბრალეულობით იყო გამოწვეული და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მასს 600 დოლარი მოთხოვეს.
„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ბრალდებულებს სავარაუდოდ იდენტური დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 63 ფაქტი უფიქსირდებათ, საიდანაც 60 შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას ისინი გამართლდნენ.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დეტალური შესწავლა, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გამოვლენისას გაუქმდება დაზარალებულ პირებზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმები და მოხდება როგორც ფიზიკური, ისე სადაზღვევო კომპანიებზე მიყენებული მატერიალური ზიანის დადგენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი ვნახეთ, როგორც კი საქმე-საქმეზე მიდგა, ყველამ სიმხდალე გამოიჩინა, უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პედიატრმა უარყოფა დაიწყო – ყველამ კეთილი ინებოს და გამოძიებას ჩვენებები მისცეს

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ევროპულ სტრუქტურებში კორუფცია არ იყოს – არსებობს ეჭვი, რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფარულად ხდება საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება