პროკურატურამ დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა თანასოფლელს გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებული 16 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.