პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზე მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ელით.
პროკურატურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში „მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით“.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2015-2017 წლებში გიორგი ბაჩიაშვილმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა, მაინინგში ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტა, არ მოახდინა ვირტუალური აქტივების შესაბამისი ოდენობის გადაცემა ინვესტორისათვის და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986.8675 ბიტკოინი, რის შემდგომაც მოახდინა მითვისებული აქტივების ლეგალიზაცია.
შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით“.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა მშობლები „დანაშაულებრივ მოქმედებაში ჩართო“:
„კერძოდ, ა.ბ.-ს და მ.რ.-ს ხელშეწყობით და დახმარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს იურისდიქციაში თანხების/აქტივების გადმოტანის ოპერაციებით, საკუთარ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე აკუმულირებითა და სხვა აქტივებთან შერევით, ქონებების შეძენით, შემდგომი რეალიზაციით და შედეგად მიღებული თანხების გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანით და საბოლოდ განთავსების, განცალკევების და ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის ქმედებებით, უკანონო აქტივები აკუმულირდებოდა ფინანსურ სისტემაში და ერთვებოდა სხვადასხვა სახის ურთიერთობაში. ხდებოდა ამ აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობისა და საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებისა და თავად ბაჩიაშვილის იმ აქტივების დაყადაღებაზე, რომლებიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ არის შეძენილი, ინფორმაცია პროკურატურამ 12 სექტემბერს გაავრცელა.
ბაჩიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსური მრჩეველი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დამნაშავედ ცნო 2025 წლის 10 მარტს.
გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც 2025 წლის მარტში საქართველო მალულად დატოვა, 27 მაისს დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის ცნობითაც ის საზღვარზე, მწვანე ზონის სიახლოვეს ტრიალებდა.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, საქართველოს დატოვების შემდეგ, ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა და მაისის ბოლოს სწორედ იქიდან დააბრუნეს საქართველოში.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.
ფორუმი
