პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დაიბარა ვიტალი გეგუჩია

ზუგდიდის პროკურატურაში PosTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე ბრალის წასაყენებლად დაიბარეს ვიტალი გეგუჩია. გეგუჩია და მისი ცოლი საზოგადოებამ 29 მაისს გაიცნო, როცა მათ თავიანთი მაღაზიიდან გააბრუნეს წინა დღით მაღაზიის გარე ვიტრინიდან ფორთოხლის აღებისთვის ბოდიშის მოსახდელად მისული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.
28 მაისს, როცა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტო დაძლია და დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვება დაიწყეს, მათ ერთ-ერთმა აქტივისტმა ქუჩაში მონა დაუძახა. ამ დროს გაბრაზებული დეპუტატი ჯაფარიძე ავტომობილიდან გადმოვიდა, გეგუჩიას და მისი ცოლის მაღაზიის გარე ვიტრინიდან ფორთოხალი აიღო და ამ მოქალაქეს ესროლა. მომდევნო დღეს უმრავლესობის დეპუტატი მარკეტში ბოდიშის მოსახდელად და ზარალის ასანაზღაურებლად დაბრუნდა. პასუხად, მას მაღაზიის მფლობელებმა უთხრეს: „ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით“.
რამდენიმე დღეში, 31 მაისს სამეგრელოში ვიტალი გეგუჩიას სახლთან მივიდნენ ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი ტელევიზიის – PosTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე და ოპერატორი. მათთან კომუნიკაციას ვიტალი გეგუჩიას ცოლი მობილური ტელეფონით იღებდა.
ჩანაწერის მიხედვით, ნათია ბერიძე ვიტალი გუგუჩიას ეუბნებოდა: „[…] ხელის ბიჭი ხარ“, – რაზეც გუგუჩია პასუხობდა: „რუსების პრობლემა იცი რა არის? საკუთარ სიტყვაზე პასუხს არ აგებენ. ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“, – შემდეგ კი ბერიძეს აგინებდა, ასევე მას და ოპერატორს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა.
სიტყვიერი დაპირისპირების დროს, PosTV-ის ოპერატორი ვიტალი გეგუჩიას მიმართავდა: „მოდი აქ“, რის შემდეგაც ისმის გინება და ფიზიკური დაპირისპირება იწყება. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი გეგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს – იგი ახტა და ფეხი ჩაარტყა ადამიანს.
ვიტალი გეგუჩიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მირანადა ჯობავა 29 მაისს მათ მაღაზიაში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს.
„შეთითხნულია ეს საქმე. ჩვენს მაღაზიაში მომხდარ ინციდენტს ვუკავშირებთ, რადგან ეს ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზიაა“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას მირანდა ჯობავა.
ვიტალი გეგუჩიას წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ანდა ორ წლამდე შინაპატიმრობით.