საქართველოს პროკურატურამ შპს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წაუყენა. ეს უკვე მეორე საქმეა, რომელიც ამ ბიზნესმენის წინააღმდეგ არის აღძრული. ორივე შემთხვევაში ფიგურირებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები.
ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალურ დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“. სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დღეს წარდგენილი ბრალით ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„გიორგი ბაჩიაშვილი, როგორც თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი, სრულად იყო პასუხისმგებელი „ჯი სი ეფ ლუქსემბურგის“ საინვესტიციო პროექტების და აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე. იგი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც ჰესის მშენებლობის („მტკვარი ჰესი“) დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა“, – წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი ბაჩიაშვილმა პროკურატურაში ბრალის წასაყენებლად დღეს, 25 თებერვალს დაიბარეს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ეს არის მეორე ფაბრიკაცია“:
„ივანიშვილს თავის თავი კიდევ ერთხელ უფრო მძიმე მდგომარეობაში შეჰყავს, რადგან ერთ უსაფუძვლო საქმეს მეორე უსაფუძვლო საქმეს ამატებს, რაც ევროსასამართლოსთვის კიდევ დამატებითი მტკიცებულება იქნება, რომ ეს პირადი ანგარიშსწორებაა პოლიტიკური ანგარიშსწორების მქონე პირის მხრიდან, რომ გამომძალოს დიდი თანხა და დამსაჯოს იმისთვის, რომ მისი თანამონაწილე არ გავხდი იმ ანტიდასავლურ საქმეებში, რასაც ის სჩადის“.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წლიდან არის აღძრული. წარდგენილი ბრალდების თანახმად, პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეუფარდა.
ივანიშვილის ადვოკატის თეიმურაზ წიქვაძის ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, 2015 წელს ბიძინა ივანიშვილს ბიზნესწინადადებით მიმართა – „თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში“. ამ წინადადებით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა და გადაწყვიტა 5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაედო.
ადოვკატის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, 2015 წელს ბიძინა ივანიშვილს ბიზნესწინადადებით მიმართა – “თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში”. ამ წინადადებით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა და გადაწყვიტა 5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაედო.
„მტკვარი ჰეისის“ საქმე
2023 წლის 10 ივლისს, როცა ივანიშვილს ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ განცხადება გაავრცელა, თქვა, რომ ივანიშვილს კითხვა „მტკვარი ჰესის“ პროექტმა გაუჩინა – პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო, პროექტის ღირებულება კი დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით გაიზარდა.
ადვოკატი აცხადებდა, რომ ამ ფაქტმა გააჩინა ეჭვები პროექტის და ზოგადად ფონდის ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ.
„სწორედ აღნიშნულის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა. არსებული ეჭვები გააღრმავა იმ გარემოებამ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ 2015 წლის შემდგომ შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება (როგორც საქართველოში, ასევე ჩემი მარწმუნებლის ინფორმაციით საზღვარგარეთაც), რაც დაზარალებული მხარის პოზიციით აშკარა შეუსაბამობაშია გიორგი ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან“, – ეწერა განცხადებაში.