„პროკრედიტ ბანკს“ სურვილი აქვს, ბაზარზე მესამე მოთამაშე გახდეს – ალექს მატუა

საქართველოში „პროკრედიტ ბანკის“ გენერალური დირექტორი ალექს მატუა აცხადებს, რომ ბანკს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბაზრის მესამე მოთამაშედ პოზიციონირება სურს. ამის შესახებ გერმანული ჰოლდინგის მართვის ქვეშ მყოფი კომერციული ბანკის ხელმძღვანელმა BMG tv-ის გენერალურ პროდუსერთან საუბრისას განაცხადა.
ალექს მატუა განმარტავს, რომ ქვეყანაში სამართლიანი კონკურენტული გარემოს პირობებში ბანკის განვითარების 5-წლიანი გეგმა სწორედ მესამე მოთამაშედ ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რაც ევროპული ღირებულებებითა და პრინციპებით მოხდება.
„არის პერიოდები, როდესაც ჩვენი ინვესტორები კითხვებს სვამენ, ზოგჯერ ძალიან კრიტიკულ კითხვებსაც გარემოსთან, სამართლიან კონკურენციასთან მიმართებით და ა.შ. ეს კითხვები არის, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი ტურბულენტობაა, იგივე აქციები და დაპირისპირებები რაც არის. არის კითხვები, რომლებსაც ჩვენ ვპასუხობთ და ზოგჯერ ეს პასუხი დამაკმაყოფილებელია, ზოგჯერ არც ისე, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ საქმით და ბიზნესურად დავამტკიცოთ, რომ კიდევ შესაძლებელია და კიდევ უფრო მხარდაჭერა იქნება საქართველოსთვის. ამიტომ მე როგორც მენეჯერი წარმატებას ვერ ვხედავ ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების გარეშე, რადგან როდესაც ეს გარემო უზრუნველყოფილია, ფაქტობრივად მე შემიძლია დავაანონსო ახალი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მინდა ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ვიყო.
ამწუთას შემიძლია ვთქვა, რომ „პროკრედიტ ბანკს“ აქვს სურვილი, სამართლიანი კონკურენტული გარემოს პირობებში, მნიშვნელოვანი მესამე მოთამაშე გახდეს ბაზარზე. ამის ამბიცია და მხარდაჭერა ჩვენი დამფუძნებლებიდან გვაქვს“, – განაცხადა ალექს მატუამ.
ბანკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღემდე ბანკი კერძო სექტორის დაკრედიტებაში აქტიურობდა, თუმცა უკვე ახლა საცალო მიმართულებითაც გეგმავს განვითარებას.
„ჩვენ საცალო სეგმენტში აქტიურები არ ვიყავით და ყოველთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაში ვაქტიურობდით. აქ მნიშვნელოვანი მოთამაშეები ვიყავით, ვართ და მომავალშიც აუცილებლად ვიქნებით… საცალო მიმართულებითაც ვაპირებთ კიდევ უფრო გაფართოებას. ამიტომ რა მიზანიც გვაქვს, რომ ვიყოთ ძლიერი მოთამაშე სავსებით შესაძლებელია“, – ამბობს ალექს მატუა.