„პროექტის განხორციელება დაწყებულია და მომავალი წლიდან ის სამშენებლო სტადიაზე გადავა“ – მიხეილ ხიდურელი Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტზე

27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის უმსხვილესი ინვესტიციას დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი ჩადებს. თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ შეთანხმება ქვეყანაში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, რომლებიც თბილისსა და გონიოში განხორციელდება. მრავალთვიანი სამუშაო პროცესში ჩართული იყო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. საინვესტიციო პროექტის დეტალებთან დაკავშირებით ,,კომერსანტი” სააგენტოს დირექტორს მიხეილ ხიდურელს ესაუბრა. მისი თქმით Eagle Hills-ის პროექტი სამშენებლო ეტაპზე 2026 წლიდან გადავა.
· როდის დაიწყო მოლაპარაკებები და რამდენი ხანი მიმდინარეობდა? როგორ იყო ჩართული სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ამ პროცესში?
მოლაპარაკებები Eagle Hills-თან წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის პროექტებისთვის ეს მოკლე ვადაც კი არის, რადგან საჭიროა როგორც ინვესტორის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინება, ასევე ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის, რეგულაციებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების შესწავლა. „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. ჩვენ პირველივე ეტაპიდანვე ვმუშაობდით ინვესტორთან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის მიმართულებით. არაერთხელ ვუმასპინძლეთ ტექნიკურ და მაღალი დონის ვიზიტებს, მოვახდინეთ ყველა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და განვახორციელეთ აქტივობები, რომელიც ინვესტორის დარწმუნებას მოიცავდა.
· რას გულისხმობს პროექტი?
Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რეკორდული იქნება თავისი მოცულობით და ორ ლოკაციას დაფარავს – თბილისსა და ბათუმს. თბილისში, ში, 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გარდაიქმნება თანამედროვე, მულტიფუნქციურ სივრცედ, სადაც გამწვანებული და რეკრეაციული ზონებით მდიდარი საცხოვრებელი კომპლექსები, კომერციული ცენტრები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ბათუმში, გონიოში, პროექტი 250 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს. ეს ადგილი ს ახალი სავიზიტო ბარათი გახდება – აქ აშენდება იახტ-მარინა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, საცხოვრებელი კომპლექსები და კომერციული ზონები. ჩვენი მიზანია, რომ იგი არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ტურისტებისთვისაც მნიშვნელოვანი ჰაბი გახდეს. პროექტის განხორციელება დაწყებულია და მომავალი წლიდან ის სამშენებლო სტადიაზე გადავა.
· რამდენ ეტაპად განხორციელდება ინვესტიციები?
პროექტების მასშტაბიდან გამომდინარე, ინვესტიცია რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. საწყის ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება, რაც მოიცავს მიწის მომზადებას, საინჟინრო საქმიანობას და პირველადი კომერციული და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობას. მეორე ეტაპი სასტუმროებს, დასასვენებელ ზონებსა და კომერციულ ობიექტებს დაეთმობა. ეს იქნება მრავალწლიანი პროცესი, რომელიც ეტაპობრივად მოიტანს დიდ ეკონომიკურ სარგებელს – შექმნის სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ბიზნესების განვითარებას და გაზრდის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.
· რომელი პროექტის განხორციელება დაიწყება პირველი? ჯერ თბილისი იქნება თუ ბათუმი?
ორივე პროექტზე მუშაობა პარალელურად მიმდინარეობს. თბილისის პროექტი ფართობით უფრო დიდია და მისი გავლენა თბილისისა და რუსთავის ურბანულ განვითარებაზე ძალიან მაღალია. მეორეს მხრივ, გონიოს პროექტი დამატებით ტურისტულ მნიშვნელობას ატარებს და საქართველოსთვის საერთაშორისო მასშტაბით ახალი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.
Eagle Hills-ი მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა დააარსა, რომელიც ასევე არის საინვესტიციო მიმართულებით უმსხვილესი ჯგუფის Emaar Properties დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. Eagle Hills-ი პროექტებს 17 ქვეყანაში ახორციელებს.