ბოლო 11 დღის განმავლობაში და მანამდე თბილისში მიმდინარე აქციების ორგანიზებაში ჩართული ერთ-ერთი აქტიური ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია ღლონტი წერს, რომ მუქარის შესახებ ზარი შევიდა მის სატელეფონო ნომერზეც.
„ჩემი სიმ ბარათი დევს ელენეს ტელეფონში და ახლა დაურეკეს თურმე და შემოუთვალეს, რომ ძვლებში დამტვრეულს ამომიტანენ სახლში“, – აცხადებს ღლონტი.
აგინეს და ცემით დაემუქრნენ აქციების ერთ-ერთი აქტიურ მონაწილესა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ ვანო გომურაშვილსაც.
„დარეკეს და მკითხეს – სად ხარ ბიჭოო. შემდეგ გადავიდნენ შეურაცხყოფაზე და მითხრეს, რომ აუცილებლად მომაგნებდა და მცემდა. შემდეგ გათიშა. დამირეკეს მეორე ნომრიდანაც. იქიდანაც წამოვიდა შეურაცხმყოფელი სიტყვები“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ვანო გომურაშვილმა.
მსგავსი სატელეფონო ნომრებიდან დარეკეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის ტელეფონზეც. მან უცნობ პირებს ტელეფონზე არ უპასუხა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პროევროპული აქციების მონაწილეებს უცნობი პირები ურეკავენ და ემუქრებიან. ასე მოხდა 2024 წლის მაისშიც, როცა ათასობით ადამიანი „აგენტების კანონის“ მიღებას აპროტესტებდა ქუჩაში.
მაშინ საქმის შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაიწყო და პროკურატურას გადაუგზავნა გამოსაძიებლად. ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა დაადგინა პროკურატურამ.
ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მაშინ ამ მუქარებში ხელისუფლებას ადანაშაულებდა, რადგან მიიჩნევდა, რომ რომ არა სახელმწიფო უწყებებში დაცული პერსონალური მონაცემები, პერსონალური მონაცემები სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომი ვერ გახდებოდა.
ფორუმი
